მოსკოვში მყოფი ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერის ლევან ვასაძის მწვავე განცხადებებს, სადაც ის ამერიკის ელჩ კელი დეგნანს აკრიტიკებს, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, მსგავსი განცხადებები მიუღებელია. თუმცა მათი თქმით, დეგნანს ოპოზიციის წარმომადგენლებიც ხშირად აკრიტიკებს.
"სრულიად მიუღებელია ისეთი განცხადებები, რომელიც გამოხატავს რაიმე ფორმით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ ისეთ ქმედებას, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას. ოღონდ ეს ნუ გაგიკვირდებათ, რომ დღეს მოხდა, ძალიან კარგად იცით, რომ გვარამია პირდაპირ ეთერში ლანძღავდა აშშ-ის ელჩს" - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
"რაც შეეხება ელჩის საწინააღმდეგო განცხადებებს, ოპოზიციაშიც შალვა ნათელაშვილი, "მთავარის" ხელმძღვანელობა პირდაპირ აყენებდნენ შეურაცხყოფას ელჩებს და ჩვენც მაშინაც გვქონდა პრინციპული პოზიცია, რომ ეს დაუშვებელია ქვეყნისთვის. ნებისმიერ შემთვევაში, ვინც არ უნდა იყოს, რა პოლიტიკური თანამდებობაც არ უნდა ჰქონდეს, ეს არის დაუშვებელი, რომ ასეთი ტიპის განცხადებები გაკეთდეს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩთან დაკავშირებით" - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა