16 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული - ტერმინები, რომელიც მთავრობის მეთაურმა აქცია "ლექსოსთვის" შეფასებისას გამოიყენა 

მთავრობის სხდომა ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით და პარალელურად, ისევ მედიის ნაწილის უმწვავესად გაკრიტიკებით გახსნა პრემიერმინისტრმა. 

სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება პრემიერმინისტრის შეფასებით არ შედგა, რადგან სამთავრობო სტრუქტურებმა დროულად აღკვეთეს საფრთხე და რევანშისტული ძალების მიერ დაგეგმილი სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობა. მთავრობის ხელმძღვანელმა ისიც თქვა, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში შედის. 

5 - 6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების გარდა, პრემიერმა გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ აქციის ორგანიზატორების გზავნილები ანტისახელმწიფოებრივი შინაარსის, ხოლო მათი ქმედებები კი ძალადობრივი ხასიათისაა.

საპარლამენტო ოპოზიცია არჩევნებამდე მოცდას არ აპირებს და პარლამენტში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

თუ ოპოზიცია პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს გამოუცხადებს, თვითდაზიანების რეჟიმში გადავლენ - ასეთი პოზიცია აქვთ მმართველ პარტიაში ოპონენტების ქმედებებზე. 

ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე და ერთიანი პოზიციის შეჯერებაზე აქტიურად მუშაობს, თუმცა დღეს შიდა კონსულტაციების პარალელურად, ოპოზიციის ნაწილმა აღნიშნა, რომ მათთვის მთავრობის უნდობლობის საკითხი პრიორიტეტული არ არის.

მთავრობა მუშაობას განაგრძობს, რადგან პრემიერის ხელმძღვანელობით, შესაბამისი სამსახურები ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას ეფექტურად ახერხებენ - სამთავრობო გუნდის წევრების შეფასებით ამ მოცემულობას რადიკალური ჯგუფების მცდელობები ვერ შეცვლის.

მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრისთვის პარლამენტს სულ ცოტა 50-მა დეპუტატმა უნდა მიმართოს და პრემიერ მინისტრობის კანდიდატიც წარუდგინოს. უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუკი ამ საკითხს მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატი დაუჭერს, თუმცა მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციას ამ რაოდენობის წარმომადგენლობა არ ჰყავს.

 

დღის ამბები