16 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში - დღეს საკანონმდებლო ორგანო პოლიტიკური და ფიზიკური ბრძოლის ველად იქცა

სანამ რუსთაველის გამზირზე აქცია დაიწყებოდა, დღეს ვითარება პარლამენტის შენობასა და უკანა შესავლელთან რამდენჯერმე დაიძაბა. 

პარლამენტთან ვითარება პირველად მაშინ დაიძაბა, როდესაც მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს. 

დაცვის სამსახურის წინააღმდეგობის მიუხედავად პარლამენტში შესვლა ნაწილმა შეძლო. საშვთა ბიუროდან სხდომათა დარბაზამდე მისასვლელი გზა ადვილი არ ყოფილა.

ოპოზიციის ლიდერის დახმარებით, ტვ პირველის დამფუძნებელი შევიდა სასესიო დარბაზშიც, სადაც დაძაბულობამ პიკს მიაღწია. სიტყვიერი შეურაცხყოფები მალე ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. დაპირისპირება ჯერ გიორგი ვაშაძესა და ვიქტორ ჯაფარიძეს შორის დაიწყო.

დეპუტატების ჩხუბის პარალელურად ოპოზიციონერი ქალების ნაწილმა პარლამენტის თავმჯდომარის პრეზიდიუმის ბლოკირება მოახერხეს, როგორც თავად განმარტეს, პოლიტიკური ბრძოლის ნიშნად.

სხდომათა დარბაზში განვითარებული მოვლენების გამო ვერ ხერხდებოდა პლენარული სხდომის დაწყება. სიტუაცია შედარებით მაშინ დამშვიდდა, როდესაც დარბაზი ოპოზიციის ნაწილს დაატოვებინეს. 

სადეპუტატო სივრციდან გამოუშვეს ვატო წერეთელიც. უსაფრთხოების სამსახურმა tv პირველის დამფუძნებელს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინა. 

რიგგარეშე სხდომა საბოლოოდ 3 საათის დაგვიანებით დაიწყო, ოპოზიციის იმ მცირე ნაწილის მონაწილეობით, რომელთაც პარლამენტის თავმჯდომარემ სესიის გახსნისას მიმართა.

სიტყვიერი კამათის ფონზე დატოვეს ფრაქცია "ლელოს" წევრებმა დარბაზი, სადაც სხდომა უკვე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებით წარიმართა, თუმცა დაძაბულობა შენობის გარეთ მცირე ხნით ისევ გაგრძელდა. სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან მოხდა, სადაც მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები უმრავლესობის წევრს, ვასილ ჩიგოგიძეს შეხვდნენ. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმე და პოლიტიკური პასუხისმგებლობა კამათის მთავარი თემა იყო.

დღის ამბები