რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სპეციალური ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ეროვნული უმცირესობების უფლებები სათანადოდ დაცული არ არის, საქართველოში ეხმაურებიან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ჩანაწერი მიზნად ისახავს საქართველოს დაშინებასა და იმის ჩვენებას, რომ მომავალში რუსეთი მზადაა ამ თემით მანიპულირებისთვის.
"ეს უსაფრთხოების სამსახურისთვის მნიშვნელოვანი მასალაა, საიდანაც მათ საჭირო მესიჯები უნდა ამოიკითხონ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი.
პარლამენტის წევრი, პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური კი აცხადებს, რომ დოკუმენტში არსებული შეფასებები უმცირესობებზე, - ცინიკურია რუსეთის მხრიდან.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ეს კიდევ ერთი მცდელობაა რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციისთვის.
"როდესაც რუსეთი ასეთ ინსტრუმენტებს იყენებს, ეს კიდევ ერთი მცდელობაა დესტაბილიზაციის. აქ არის თანხვედრები, ერთი მხრივ ის ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ შეაჯანჯღარონ ეს ქვეყანა, მეორე მხრივ კი, ასეთი მხარდაჭერა ქვეყნის გარედან პირდაპირ აძლევს თემებს ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის. პასუხი მარტივია - ის, ვინც ქვეყანას შიგნიდან და გარედან აჯანჯღარებენ, ეს ერთმანეთის მხარდაჭერაა ნებით თუ უნებლიეთ,"- აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.