20 მაისი 2024,   04:53
ვრცლად
რუსეთში მამაკაცი, რომელიც შვილთან ერთად აივნიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, დააკავეს

რუსეთში, ქალაქ ირკუცკში კაცი, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად აივნიდან გადახტომით იმუქრებოდა, ბავშვთან ერთად ოთახში გადაძვრა. სამართალდამცავებმა ბავშვი გადაარჩინეს, მამაკაცი კი დააკავეს.

34 წლის მამაკაცი 3 წლის შვილთან ერთად მე-13 სართულის აივნიდან გადმოხტომით იმუქრებოდა და მეუღლის მოსვლას მოითხოვდა. ის აივნის გარე მხრიდან, შვილთან ერთად, დაახლოებით, 3 საათი იმყოფებოდა.

კაცი ცოლს ღალატში ადანაშაულებდა და ერთი დღით ადრე მას მუქარის შემცველი მესიჯიც მიწერა.

სამართალდამცავებმა მამაკაცის მეუღლე ადგილზე მიიყვანეს. მას სახეზე ჩალურჯებები აღენიშნებოდა. ქალის განცხადებით, მამაკაცმა შვილი საბავშვო ბაღიდან გუშინ გაიყვანა, რის შემდეგაც ის პოლიციას დაუკავშირდა.

რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, მამაკაცმა საცხოვრებელ ბინაში ფარული კამერა დაამონტაჟა, რითიც, სავარაუდოდ, ის მეუღლის გამოაშკარავებას ცდილობდა.

ადგილზე მობილიზებულ იყვნენ გადაუდებელი დახმარების სამსახურის წარმომადგენლები და ასევე, ფსიქოლოგიც. ისინი 34 წლის ანტონ ტერენტიევთან მოლაპარაკებებს მეზობელი აივნიდან აწარმოებდნენ.

მაშველებმა კორპუსის მესამე სართულზე, მაღაზიის სახურავზე გასაბერი აღჭურვილობა დაამონტაჟეს.

დღის ამბები