მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა დღეს ფრაქციების ფორმატში მოხდება. თუმცა ოპოზიციის ნაწილი პროცესში პროტესტის ნიშნად არ ერთვება. მათი მტკიცებით, წარმოდგენილი ცვლილებები მიზანმიმართულად წინასაარჩევნოდ არის გათვლილი და რეალურად დადებით შედეგს ეკონომიკური კუთხით არ მოიტანს.
"ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ არსებულ ვითარებაში, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მონაწილეობა მივიღოთ რუტინულ საპარლამენტო საქმიანობაში. ამიტომ, ფრაქციის შეხვედრა ბიუჯეტთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთან იქნა ჩვენი ინიციატივით გადადებული და გაუქმებული,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი.
განსხვავებულად ფიქრობს უმრავლესობა. ცვლილებების მიხედვით, ბიუჯეტი მილიარდზე მეტით იზრდება. დამატებითი ხარჯები სხვა სფეროებთან ერთად გათვალისწინებულია COVID-19-ის მართვის, ბავშვების სოციალური დახმარებისა და სოფლის მეურნეობის პროგრამებისთვის.
"ზოგადი განცხადება, რომ რაღაც ხარჯები არასწორად არის განაწილებული, ჩემთვის გაუგებარია, რას გულისხმობენ, გარდა იმისა, რომ ზოგადად ამას ამბობენ. იმის იქით რა თქმა უნდა, არგუმენტი უნდა ითქვას,“ - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.