16 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს მოვუწოდებთ, ეს ძალადობა საჯაროდ დაგმონ - ნედ პრაისი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი საქართველოში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.   ნედ პრაისი ძალადობის დასრულების მოწოდებით გამოვიდა და განაცხადა, რომ ყველა პირი, ვინც 5 და 6 ივლისს თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს, ასევე ისინი, ვინც წააქეზეს ძალადობა პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ხელისუფლებას კონსტიტუციური უფლებების დაცვის პასუხისმგებლობას ახსენებს და ამბობს, რო შეერთებული შტატები ქვიარ ადამიანების მიმართ ძალადობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ჟურნალისტის შეკითხვაზე მოსალოდნელია თუ არა სანქციების დაწესება, პრაისი ამბობს, რომ სანქციების შესახებ წინასწარ, მის დაწესებამდე არ საუბრობენ, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდება. საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს კითხვა ქართველმა ჟურნალისტმა, დემნა დევდარიანმა დაუსვა.

"პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და სამძიმარს ვუცხადებთ ლექსო ლაშქარავას ოჯახს, საყვარელ ადამიანებსა და მის კოლეგებს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ცნობებს მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე ტრაგიკულად შეიწირა ერთი სიცოცხლე, ამ შემთხვევაში თქვენი კოლეგის სიცოცხლე. თითოეული ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და საქართველოში დემოკრატიის სანდოობა მოითხოვს, რომ ყველა პირი, რომელიც 5 და 6 ივლისს თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს, ასევე ისინი, ვინც წააქეზეს ძალადობა, უნდა იყვნენ იდენტიფიცირებულები, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული კანონის სრული სიმკაცრით.

ჩვენ საქართველოს ლიდერებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, დაიცვან ყველას კონსტიტუციური უფლებები. ჩვენ მათ შევახსენებთ პასუხისმგებლობას, დაიცვან ჟურნალისტები და პრესის თავისუფლება. მოვუწოდებთ ყველა ქართველს, მათ შორის ხელისუფლებას, საჯაროდ დაგმონ ამ სახის ძალადობა, რომლის ადგილიც დემოკრატიაში არ არის.

ჩვენ ამაყად განვაგრძობთ ძალისხმევას მთელ მსოფლიოში ლგბტქი საზოგადოების ძალადობისგან, კრიმინალიზაციისგან, დისკრიმინაციისგან და სტიგმისგან დასაცავად. ვცდილობთ, გავაძლიეროთ ადგილობრივი ლგბტქი+ მოძრაობები და ადამიანები. მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ძალადობას ლგბტქი+ საზოგადოების მიმართ და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ვგმობთ სასტიკ ძალადობას თქვენი ყოფილი კოლეგის მიმართ, რომელიც გარდაცვლილია. რაც შეხება პრემიერმინისტრსა და მის მომავალს, ეს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაა.

ჩვენ გვაქვს რამდენიმე ინსტრუმენტი, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ძალადობაზე მსოფლიოში. სანქციები ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია. როგორც იცით, სანქციებზე წინასწარ რ ვსაუბრობთ, ვიდრე არ შემოვიღებთ, მაგრამ ვითარებას თვალს დიდი ყურადღებით ვადევნებთ. გვინდა, დავინახოთ, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ.

რაც შეეხება საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ, რომ საჯაროდ დაგმონ ეს ძალადობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, გავიმეორებ ჩვენს მოწოდებას, ზედმიწევნით გამოიძიონ ეს საქმე და შედეგად ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენმა პირებმა სამართლის წინაშე პასუხი აგონ," - განაცხადა ნედ პრაისმა.

დღის ამბები