ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ახსენებს საქართველოს ლიდერებს და სამართალდამცავ ორგანოებს პასუხისმგებლობას, დაიცვან ყველას კონსტიტუციური უფლება.
სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ აქტორს, საჯაროდ დაგმონ ძალადობა. კითხვა ბრიფინგზე ქართველმა ჟურნალისტმა დასვა. განცხადებაში, რომელიც ვაშინგტონში გაკეთდა, აქცენტი კეთდება იმაზე, რომ დემოკრატიის სანდოობისთვის, მნიშვნელოვანია როგორც თავდამსხმელების, ასევე იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც ძალადობა წაახალისა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება დილიდან შეფასებების თემაა თბილისში. განცხადებები გაკეთდა როგორც ოპოზიციაში ასევე მმართველ გუნდში.
პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაითავისოს რომ 5 ივნისს უმნიშვნელო რამე არ მომხდარა და ცხოვრებას ჩვეულებრივად ვეღარ გააგრძელებენ. ელისაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველაზე ადეკვატური ვახტანგ გომელაურის მიერ თანამდებობის დატოვება იქნებოდა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ის რომ უკვე ღიად არის საუბარი სანქციებზე.
"სანქციები თუ რეალური არაა, ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ და რადგან სიტყვა სანქციები გაისმა, ძალიან სერიოზულადაა საქმე," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
მმართველი პარტიის წევრები ოპოზიციას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადების არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებენ. "ქართული ოცნების" წევრის გიორგი ხელაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დამნაშავეები სათანადოდ, მთელი სიმკაცრით დაისაჯონ.
"გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო ის რომ მან თქვა, რომ ყველა ვინც არის ძალადობაში დამნაშავე უნდა დაისაჯოს. როდესაც სანქციებზე და სასჯელზეა საუბარი საქართველოს მთავრობა არის პირველი, ვინც დასჯის იმათ ვინც დანაშაული ჩაიდინა. ისინი უკვე დაკავებულები არიან, ვვარაუდობ რომ სხვებიც იქნებიან და დაისჯებიან კანონის სრული სიმკაცრით. შესაბამისად არანაირ სხვა სანქციებზე საუბარი ამ ადამიანების მიმართ ამერიკის მხრიდან აღარ იქნება ბუნებრივია, რადგან ისინი დასჯილები იქნებიან საქართველოს კანონმდებლობით," - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილები ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს. მისი თქმით, დანაშაულის არცერთი შემთხვევა არ უნდა დარჩეს მკაცრი სამართლებრივი რეაგირების გარეშე:
"ერთი ერთზე ემთხვევა იმ განცხადებებს, რომელიც მათ შორის ხელისუფლების მხრიდან კეთდებოდა მთელი ამ დღეების განმავლობაში 5 ივლისიდან მოყოლებული და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შესაძლებლობით და ვიტყვი რომ ერთმნიშვნელოვნად ცალსახად და უალტერნატივოდ დასაგმობია ის, რაც ვიხილეთ 5 ივლისს და არცერთი შემთხვევა არ უნდა დარჩეს მკაცრი სამართლებრივი რეაგირების გარეშე," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.