16 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
ევროპული თვალსაზრისით უმცირესობის დაცვა არის მთავრობის უპირობო ვალდებულება - სვენ მიქსერი 5 ივლისის მოვლენებზე 

უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, დასავლეთი საქართველოსგან ქმედით ნაბიჯებს ელოდება, ლიდერებმა უნდა დაგმონ ძალადობა ლგბტქ პირების წინააღმდეგ. რეაგირება კი ამ კუთხით არ იყო საკმარისი - ასეთია ევროპარლამენტარების ნაწილის შეფასება. განცხადებები გაკეთდა ონლაინკონფერენციაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე და ქართველი დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

ევროპარლამენტის დეპუტატის სვენ მიქსერის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დაგმო ძალადობა, თუმცა მან არ დაგმო ძალადობა ლგბტქ პირების წინააღმდეგ.

მიქსერის განცხადებით, ევროპული თვალსაზრისით უმცირესობის დაცვა არის მთავრობის უპირობო ვალდებულება.

"მინდა მოკლედ შევეხო გასული კვირის ტრაგიკულ მოვლენებს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დაგმო ძალადობა, თუმცა ვფიქრობ, რომ მან არ დაგმო ძალადობა ლგბტქ პირების წინააღმდეგ. ეს არის ის, რაც საქართველოს ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა უნდა გააკეთონ, რადგან არ არის საკმარისი დაგმო ძალადობა მხოლოდ ჟურნალისტების წინააღმდეგ ან ზოგადად დაგმო ძალადობა.

ევროპული თვალსაზრისით, უმცირესობის დაცვა არის მთავრობის უპირობო ვალდებულება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის დაგმობა, თუმცა ეს არ არის საკმარისი თუ არ იტყვი, რომ ლგბტქ პირების წინააღმდეგ ძალადობა, შევიწროება, დისკრიმინაცია აბსოლუტურად მიუღებელია და ამ თემის ყველა წევრის დაცვა უზრუნველყოფილია მთავრობის მხრიდან," - განმარტავს სვენ მიქსერი, ევროპარლამენტის დეპუტატი ესტონეთიდან.

ევროპარლამენტის დეპუტატი, მარინა კალიურანდი კი საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს მიმართავს და მოუწოდებს, რომ გადადონ გვერდზე პოლიტიკური ინტერესები და წინა ხაზზე ქართველი ხალხის ინტერესები დააყენონ.

"საქართველოში რთული პოლიტიკური გარემოა. დიდია პოლარიზაცია. 5 ივლისის მოვლენები სიტუაციას, კიდევ უფრო ართულებს, მინდა გითხრათ, რომ დემოკრატია ნიშნავს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. მივმართავ პარლამენტის ყველა წევრს, გადადეთ გვერდზე პოლიტიკური ინტერესები, წინა ხაზზე უნდა იდგეს ქართველი ხალხის ინტერესები. ცხადია პოლიტიკური ხედვები ყველას სხვადასხვა გაქვთ, მაგრამ პარლამენტის წევრები ხართ და პრაქტიკული სამუშაო უნდა გასწიოთ.

გავიმეორებ ჩემი კოლეგის სიტყვებს, ჩვენ აქ ვართ, არა იმიტომ რომ გასწავლოთ არამედ გამოცდილება გაგიზიაროთ. საჭიროების შემთხვევაში კი დაგეხმაროთ,"- აცხადებს მარინა კალიურანდი, ევროპარლამენტის დეპუტატი ესტონეთიდან.

ონლაინ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, სალომე სამადაშვილმა, კახა კუჭავას გამოსვლა გააკრიტიკა, რომელიც 5 ივლისის ძალადობაზე საუბრობდა.

სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ არაფერი თქვა იმ ვალდებულებაზე და პასუხისმგებლობაზე, რომელიც მმართველ გუნდს მომხდარზე აკისრია. ასევე სამადაშვილმა, აღნიშნა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია სწრაფად უარესდება.

ამასთან, როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თქვა, ორი დღის წინ, პარლამენტმა მიშელის შეთანხმების პირობების საწინააღმდეგოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაამტკიცა. სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტარების როლზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი ზეწოლა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია, რადგან შარლ მიშელის დოკუმენტი მხოლოდ ფურცლებად არ დარჩეს. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ორი დღის წინ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაამტკიცა.

დღის ამბები