ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დაგეგმილ ვიზიტს ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის დოკუმენტის თითქმის ყველა პუნქტი დაარღვია და საერთაშორისო პარტნიორებს უპირისპირდება.
"ფაქტია, რომ შარლ მიშელის ყველა პუნქტი დაარღვია "ოცნებამ", ამიტომ "ქართულ ოცნებას" პრაქტიკულად არაფერი არ ექნება სათქმელი შარლ მიშელისთვის. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ კვლავ ძალმომრეობის და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირების გზა აირჩია," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.
ოპოზიციას აინტერესებს, თუ როგორ შეაფასებს შარლ მიშელი დოკუმენტის შესრულების ხარისხს და 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.
შარლ მიშელი ისევ ჩამოდის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტს თბილისში რამდენიმე დღეში ელოდებიან. "ქართული ოცნება" აპირებს, რომ მიშელს მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის 5-6 ივლისის მოვლენებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. იმის შესახებ რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თბილისს ეწვევა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.