ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ცესკოს თავმჯდომრეობისა და წევრობის კანდიდატებს უსმენენ, დაპირისპირება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოხდა.
ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი და ანრი ოხანაშვილი დაუპირისპირდნენ.
"განსაკუთრებით თავმჯდომარის თანამდებობაზე პრაქტიკულად წარმოდგენილი არის ისეთი კანდიდატურები, რომლებიც წარმოადგენენ სისტემის ნაწილს," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
"ეს არ არის პროცედურა ბატონო ლევან. წინასწარ კანდიდატურების დისკრედიტაციის მცდელობის უფლებას არ მოგცემთ," - მიმართა ანრი ოხანაშვილმა, რის საპასუხოდაც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ მათი შეფასება მხოლოდ პროცესისადმი პროტესტს მოიცავს და პიროვნულ შეფასებაზე არ გადის.
"არანაირი პიროვნული დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ არანაირი საწინააღმდეგო არ გვაქვს, ჩვენ ვაფასებთ პროცესს და ამ პროცესში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. მიგვაჩნია, რომ ის, რაც ხდებოდა არ შეუწყობს ხელს მაღალი კონსენსუსით, 2/3-ით კანდიდატურების არჩევას და მივიღებთ კვლავ ისეთ კომისიას, რომელიც იქნება 6 თვის ვადით გათვალისწინებული, შეასრულებს კონკრეტულ ამოცანას და საზოგადოებას ამ კომისიის მიმართ ნდობა არ ექნება," - თქვა ლევან ბეჟაშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილს 12 ივლისს პლენარული სხდომის დაწყების წინ მომხდარი შეახსენა და მას მოძალადე უწოდა.
"თქვენი კადრები ნახეთ პლენარული სხდომის წინ რაც ხდებოდა? კმაყოფილი ხართ თქვენი საქციელით? დეპუტატი როდესაც ძალადობს მანდატურზე, ეს არის სამარცხვინო საქციელი. პარლამენტის წევრმა უნდა იჭიდაოთ? როგორც მეკადრება ისე გპასუხობთ. შეგიძლიათ დატოვოთ დარბაზი. სიმბოლურია, რომ ტოვებთ სხდომათა დარბაზს. ეს არის ამათი რეალური სახე და მოძალადეებს ყოველთვის უნდა შეახსენო, რომ არიან მოძალადეები," - ანრი ოხანაშვილი.
კამათის შემდეგაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომა დატოვა.
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ასევე დაპირისპირება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრ პაატა მანჯგალაძესა და ანრი ოხანაშვილს შორისაც მოხდა.
კომიტეტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის და თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატების მოსმენა უნდა გაიმართოს.