"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ევროსაბჭოს პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელი ჩამოდის.
"შარლ მიშელი ჩამოდის ეტყობა იმიტომ, რომ გიორგი ვაშაძე უკეთესად გაიცნოს და მისი ფრაქცია.
კარგია, რომ ჩამოდის. შარლ მიშელისა და ელჩების მხრიდან ადრეც ითქვა, რომ ერთია შეთანხმება და მეორეა, განხორციელება. ყველა ვხედავთ, შეთანხმების იმპლემენტაცია ჭრიალით რომ მიდის - ვისაც არ ეზარება, ყველა ცდილობს დაარღვიოს ეს შემთახმება," - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მუდმივი ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ შარლ მიშელის ოფისთან და ის, რომ ევროსაბჭომ გამოაცხადა უკვე სანქციების პირველი ფაზა მაკროფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, მისი შეფასებით, შემთხვევით არ მომხდარა.
შარლ მიშელი ისევ ჩამოდის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტს თბილისში რამდენიმე დღეში ელოდებიან. "ქართული ოცნება" აპირებს, რომ მიშელს მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის 5-6 ივლისის მოვლენებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. სასაუბროდ კონკრეტული თემებია აქვს ოპოზიციასაც, მათ შორის მთავარი მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაა, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მმართველი გუნდი არღვევს, მაგალითად ოპოზიცია მოსამართლეთა დანიშვნას ასახელებს.