აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცებაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან ოპოზიციის წევრები.
ხელისუფლების ოპონენტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყონებლივ გადადგან ნაბიჯები სასამართლოსთან მიმართებაში.
"ჩვენ დავიკავეთ ძალიან მკაფიო პოზიცია და არ მივიღეთ მონაწილეობა იმ ფარს პროცესში, რომელიც, ერთის მხრივ, არღვევდა ხელშეკრულებას და მეორეს მხრივ, ცდილობდა ლეგიტიმაცია მიენიჭებინა გასაუბრებებისთვის პარლამენტში.
მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ გადადგან ნაბიჯები სასამართლოსთან მიმართებაში, ისევე, როგორც, ზოგადად, ამ ხელშეკრულებაში დარჩენილ პუნქტებთან დაკავშირებით, რომ ისინი შესრულდეს," - აღნიშნა "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიგითითათ ამ შეთანხმების კონკრეტულ შინაარსზე. თუ თქვენ კვლავ გააგრძელებთ შეთანხმების დარღვევას, თქვენ გელოდებათ სანქციები, როგორც მაკროფინანსურ დახმარებაზე, ასევე, პერსონალური სანქციები. რაც მთავარია, ამაზე ადევს ამერიკული და ევროპული ბეჭედი. თუ თქვენ ამ ამერიკულ და ევროპულ ბეჭედს გადაუვლით თავზე, ძალიან მძიმე დღე დაგიდგებათ," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება "ხელისუფლებისთვის განაჩენია".
"სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა და საქართველოს ხელისუფლების მიერ 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა მიუთითებს იმას, რომ "ქართული ოცნება" არის ყოველგვარ ზღვარს გადასული უკვე საქართველოს პარტნიორებთან დაკავშირებით. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ზუსტად იციან მათ, რომ ეს არის განაჩენი მთლიანად საქართველოს ხელისუფლების მიერ. ამიტომ, პირველი რასაც მე ველოდები, ეს არის სანქციები მოსამართლეების მიმართ და მეორე, რეაგირება ღარიბაშვილის ხელისუფლების მიმართ," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
"ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების გამო"- ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი წერს რომ აღნიშნული პროცესი 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
შეთანხმების მიხედვით, მხარეებს ჰქონდათ ვალდებულება, უზენაეს სასამართლოში "ყველა მიმდინარე დანიშვნა" შეეჩერებინათ, სანამ "სასამართლოს ამბიციური რეფორმა" ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმის პროცესის გზით არ განხორციელდებოდა.
ბლინკენის "ტვიტამდე" განცხადება გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტმა.