18 ივლისს პარლამენტში ვახტანგ გომელაურს ელოდებიან. შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწევს პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომლებიც 5 ივლისს მომხდარ ძალადობას და პოლიციის ქმედებებს ეხება. სხდომას ოპოზიციაც დაესწრება.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრს ბევრი მძიმე კითხვა ელის ოპოზიციისგან. როგორც დეპუტატი ამბობს, ერთ-ერთი მთავარი კითხვა იქნება ის თუ რატომ ვერ მოხდა პრევენციული ღონისძიების გატარება, რომელსაც "სირცხვილიას" ოფისთან ძალადობრივი ქმედებების აცილება შეეძლო, რომლის დროსაც მძიმედ დაშავდა ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა.
"მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, ღირსეული ნაბიჯი იქნებოდა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა, თუმცა ახლა, როცა შს მინისტრი თანამდებობაზე რჩება, მას მოუწევს უამრავ მწვავე კითხვას უპასუხოს.
5 ივლისთან დაკავშირებით აქვს კითხვები უმრავლესობასაც. როგორც "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, შს მინისტრს ჰკითხავენ, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ძალადობრივი ფაქტების შეკავება და თავიდან არიდება. ასევე, კითხვები იქნება გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებითაც.