"გირჩი" პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას არ იზიარებს. პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია განმარტავს, რატომ არ სურთ ირაკლი ღარიბაშვილისა და ვახტანგ გომელაურის გადადგომა :
"ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც შს მინისტრისა და პრემიერის გადადგომას არ ვითხოვთ, იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა ვიყოთ თანმიმდევრულები. თუ ერთ დღეს ვიძახით, რომ არის არაფორმალური მმართველობა და არ ვიცით, ვინ იღებს გადაწყვეტილებას და მეორე დღეს ვითხოვთ შს მინისტრის, ან პრემიერის, ან ვინმეს გადადგომას, როცა უკვე ნათქვამი გვაქვს, რომ არ ვიცით, ვინ იღებს გადაწყვეტილებას, ჩვენი აზრით, ეს არის მსხვერპლის მოთხოვნა - არა დამნაშავის დასჯა, არამედ მსხვერპლის მოთხოვნა. ჩვენ გვინდა გავარკვიოთ ამბავი და მერე ვარჩიოთ მტყუან-მართალი," - აცხადებს იაგო ხვიჩია.
ვახტანგ გომელაურს დღეს პარლამენტში ელოდებიან. შინაგან საქმეთა მინისტრი რიგგარეშე სესიაზე 5 და 6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. გომელაურმა უნდა ისაუბროს პრაიდ კვირეულის ფარგლებში უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე, მათ შორის, ჟურნალისტებზე თავდასხმის ეპიზოდებზე.