უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტში მყოფ ჟურნალისტებს სთხოვა, ჩამოიღონ ბანერი პრეს-ლოჟიდან, წარწერით "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა", რათა შს მინისტრს გამოსვლის გაგრძელების საშუალება ჰქონდეს.
"ის, რაც ჟურნალისტებთან მიმართებაში მოხდა, მიუღებელია და ყველამ დავგმეთ, ამ აქტმა დააზარალა, პირველ რიგში, ხელისუფლება. შს მინისტრი მოვიდა პარლამენტში, ვერავინ იტყვის, რომ დაიმალა. ჩვენ თუ გვინდა რომ მოვისმინოთ პასუხები, დავსვათ კრიტიკული კითხვები, თქვენც მოგეცემათ საშუალება, ადევნოთ თვალყური და შეაფასოთ იყო თუ არა სამართლიანი და ობიექტური.
თხოვნა მაქვს, ეს ბანერი დროებით ჩამოვხსნათ და მოვუსმინოთ, არავინ გიშლით პროტესტის გამოხატვას," - განუცხადა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს.
საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს სიტყვით გამოსვლა იმ დროს შეაწყვეტინეს, როდესაც ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
ოპოზიცია ტრიბუნასთან ლექსო ლაშქარავას ფოტოსურათებით დადგა, მედიამ კი საპროტესტო ბანერი გადმოფინა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მომხდარი ფაქტის გამო ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.