ოპოზიციაში პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩაშლას ეხმიანებიან და ამბობენ, რომ პროტესტის გამო შს მინისტრის მოსმენა არ უნდა გადადებულიყო.
"ჩვენ, პოლიტიკოსებს გვევალება თანაგრძნობა, ამ პროტესტის გაზიარება და არა პროტესტის საპასუხოდ დარბაზის დატოვება. შესაბამისად, ჩვენ ვნახეთ "ოცნების" მხრიდან შეუსაბამო ნაბიჯი აბსოლუტურად გულწრფელი და სამართლიანი პროტესტისადმი.
ჩვენ მივაღწევთ აუცილებლად იმას, რომ მინისტრი მოვიდეს და მან გასცეს პასუხები იმ მწვავე კითხვებს, რომელიც ჩვენ გვაქვს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე.
"ეს შეკითხვები არის საზოგადოებაში დაგროვებული და ამ ტრიბუნით პოლიტიკოსები ველაპარაკებით ჩვენს მოქალაქეებს. დღეს, სამწუხაროდ, მმართველმა პარტიამ ამ კითხვებს პასუხები არ გასცა", - აღნიშნავს პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, დაიხურა. ვახტანგ გომელაურს სიტყვით გამოსვლა იმ დროს შეაწყვეტინეს, როდესაც "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. ოპოზიციის ნაწილი ტრიბუნასთან გარდაცვლილი ოპერატორის ფოტოსურათებით დადგა. პარლამენტის თავმჯდომარე რამდენჯერმე იძულებული გახდა, ტექნიკური შესვენება გამოეცხადებინა.