საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ასოცირების შეთანხმების განხორციელება კვლავ რჩება მთავრობის დღის წესრიგის საკვანძო საკითხად.
მანვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მეტი კავშირების დამყარება ევროკავშირთან დარგობრივი პოლიტიკის დონეზე და საერთო სფეროების ფარგლებში.
"ჩვენ გულმოდგინედ ვაგრძელებთ რეფორმებს ევროკავშირთან უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლებრივი დაახლოებისა და მარეგულირებელი ნორმების ევროკავშირის დირექტივებთან თავსებადობისთვის. აუცილებელია, რომ ჩვენ მეტი კავშირები დავამყაროთ ევროკავშირთან დარგობრივი პოლიტიკის დონეზე და საერთო სფეროების ფარგლებში.
როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა მთავრობამ ამბიციური პირობა დადო 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენისთვის ქვეყნის მოსამზადებლად. დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმების გაგრძელებით, ასოცირების შეთანხმების სტაბილური განხორციელებით და ევროკავშირთან ეტაპობრივი დაახლოებით, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.