მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციას თბილისის მერის არჩევნებზე საერთო კანდიდატი არ ეყოლება. "ქართული ოცნების" წევრი გურამ მაჭარაშვილი ვარაუდობს, რომ ოპოზიციიდან რამდენიმე კანდიდატი იქნება წარმოდგენილი და ამასთან მაჭარაშვილი დაწმუნებულია მმართველი პარტიის კანდიდატის უკონკურენტობაშიც:
"ნიკა მელიამ თქვა, რომ არ აპირებდა მერობის კანდიდატად დაყენებას, იმიტომ რომ მწარე გამოცდილება ახსოვს წარსულში, მაგრამ თუ გუნდი და ბელადი ჩათვლის საჭიროდ, ალბათ უარს ვერ ეტყვის. რაც შეეხება კალაძესთან კონკურენციას, მანაც და ოპოზიციის უმრავლესობამაც წინასწარვე დააანონსა, რომ მარცხისთვის არიან განწირულები, უბრალოდ მონაწილეობენ იმისთვის, რომ მოახერხონ და რამდენიმე ადამიანი იქნებ შეიყვანონ საკრებულოში," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
გაკოტრებულ პოლიტიკოსს უწოდებს ნიკა მელიას "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ამილახვარი და ამის მაგალითად მოჰყავს ის, რომ აშშ-ში ვიზიტით მყოფ ნიკა მელიას მაღალი რანგის შეხვედრები არ გაუმართავს. თანამდებობების დაანონსებულ გადანაწილებას, რომელიც მერობის კანდიდატად ნიკა მელიას, საკრებულოს თავმჯდომარედ ელენე ხოშტარიას და ვიცე-მერად ზურაბ ჯაფარიძის წარდგენას გულისხმობს, გიორგი ამილახვარი იმის დამადასტურებლად მიიჩნევს, რომ სამივე პოლიტიკური ძალა კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" ოჯახის წევრი და განშტოებაა.
უკონკურენტოს უწოდებს კახა კალაძეს მისი ყოფილი მოადგილე, ამჟამად პარლამენტის წევრი მაია ბითაძე. მისი თქმით, ის ნიკა მელიას წარმატებას უსურვებს, ოღონდ არა როგორც თბილისის მერობის კანდიდატს.