ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი იქნება, ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობის. დღეს არ იქნება არც პრესკონფერენცია და არც პრეზენტაცია, არ იქნებიან არც სტუმრები და ჟურნალისტები, პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, განცხადებას მხოლოდ ნიკა მელია გააკეთებს. რომელი პარტიები შეუერთდებიან "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ საღამოს გაირკვევა.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ნიკა მაჭუტაძე ნიკა მელიას მაკორდინირებელ და მაკონსოლიდირებულ ფიგურას უწოდებს:
"ნიკა მელია არის მაკოორდინებელი, მაკონსოლიდირებელი ფიგურა ოპოზიციაში, მას აქვს ძალიან სერიოზული რესურსი იმ თვალსაზრისით, რომ გააერთიანოს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ამ ბრძოლის გარშემო. არაერთი პოლიტიკური ძალა, არაერთი პოლიტიკური მოძრაობა მიიღებს ამ მხარდამჭერ კამპანიაში მონაწილეობას," - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ დემოკრატიულ ოპოზიციას შორის შეთანხმება მოხდა და ამ შეთანხმების პირველი ეტაპი დღეს იქნება გაცხადებული:
"ევროპული საქართველოს" ინიციატივა იყო და არა მარტო ამ არჩევნებზე, რომ ამ ვითარებაში და ამ საფრთხის წინაშე, რომელიც ქვეყანას უდგას ივანიშვილის რეჟიმის სახით, აუცილებელი იყო და არის კოორდინირება დემოკრატიულ ოპოზიციას შორის. მე მოხარული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაგვიანდა ეს პროცესი, ჯობია გვიან, ვიდრე კიდევ უფრო გვიან ან არასდროს. ჩვენ ვართ ბოლო ფაზაში მოლაპარაკებების და იმედი მაქვს, რომ დღეს იქნება გაცხადებული პირველი ეტაპი ამ შეთანხმების," - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.