საპარლამენტო პარტიების უმრავლესობას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ამბობენ, რომ ნიკა მელიას მხარდამჭერები არ იქნებიან და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას სავარაუდოდ დამოუკიდებლად მიიღებენ.
პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერას გამორიცხავს:
"ყველა განვლილმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ კრებს თავის გარშემო მთლიანად ოპოზიციურ ამომრჩეველს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება ნიკა მელიას ბრძოლა ბრინჯაოს ან ვერცხლის მედლისთვის. მხარს, რა თქმა უნდა "ნაციონალურ მოძრაობას" არ დავუჭერთ," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ერთ-ერთი პარტია, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესშია და რომლის გეგმებიც უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი, არის "ლელო". ანა ნაცვლიშვილის თქმით, მიმდინარეობს გარკვეული ტიპის კოორდინაცია.