მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია ერთიანი კანდიდატით წარდგება თუ ცალ-ცალკე. "ქართულ ოცნებაში" გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან და მიიჩნევენ, რომ თბილისის მერის თანამდებობაზე მათი კანდიდატი უკონკურენტოა.
"ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია გადაწყვეტილებებს ხშირად ცვლის. პაპუაშვილის თქმით, ნიკა მელიას ოპოზიციაში მხარს არ უჭერენ და საეჭვოა აქვს თუ არა მას მხარდაჭერა საკუთარ პარტიაში.
ნიკა მელიას პოლიტიკური წარუმატებლობის მაგალითად შალვა პაპუაშვილს მისი აშშ-ში ვიზიტი მოჰყავს და ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ამერიკაში მნიშვნელოვანი შეხვედრებიც კი არ ჰქონია:
"საარჩევნო კამპანიაც კი არ ექნება "ნაციონალურ მოძრაობას", ეს იქნება მთლიანად აგრესიაზე, ძალადობაზე, მივარდნაზე, დისკრედიტაციაზე და დეზინფორმაციაზე აწყობილი," - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას საბოლოოდ მაინც აიძულეს მერობის კანდიდატი ყოფილიყო და დღეს მისი დამარცხება საბოლოოდ გაფორმდება:
"ჯერ ხომ ციხეში ჩასვეს, შემდეგ ათქმევინეს, რომ არ გამოვიდოდა, ვერ დავიჭერდით, დაიჭირეს, გირაოზე უარი ათქმევინეს, მერე გირაოს დათანხმდა, გამოვიდა და ახლაც ამბობს, რომ არ უნდოდა ყოფილიყო მერობის კანდიდატი, იმიტომ, რომ აპრიორი იცოდა წაგებაზე და ამდენი წაგება ამ ადამიანსაც არ სურს. მე მინდა მელიას კითხვა დავუსვა, თუ "გირჩი" ცალკე აპირებს, ელისაშვილი ცალკე, თუ ის, რომ არის "ჭიჭე" ვაშაძე, ისიც ცალკე აპირებს, აბა ბოკერიასთან ისედაც ვიცით, რომ ერთი პარტია იყო ყოველთვის," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.