16 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
რა შემთხვევაში გადადგება ვახტანგ გომელაური - შს მინისტრის მიმართ გაჩენილი კითხვები "ღამის კურიერისთვის" მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუს შემდეგ

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი ვრცელი ინტერვიუ 5-6 ივლისის მოვლენებზე - "ღამის კურიერში" ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ მედიის პროტესტი მისთვის გასაგებია. აქვე დადო პირობა, რომ გამოძიება ყველა მოძალადეს დასჯის, მათ შორის, დამკვეთებს.

ირაკლი იმნაიშვილთან ინტერვიუს დროს შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა. როგორც ვახტანგ გომელაურმა თქვა, გუნდის მოთხოვნის შემთხვევაში, წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს - ეს განცხადება დღეს პოლიტიკური მხარეების დისკუსიის საგანი გახდა. 

ძალოვანი უწყების პირველმა პირმა განმარტა, რატომ ვერ აღკვეთეს სამართალდამცველებმა რეპორტიორების ცემის ფაქტები - როგორც გომელაური ამბობს, 5 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ელოდა, რომ რუსთაველზე შეკრებილი ჰომოფობიური ჯგუფები ჟურნალისტებს დაუპირისპირდებოდნენ.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მინისტრი პასუხისმგებლობას გაურბის და მისი არგუმენტები დამაჯერებელი არ არის. ხელისუფლების ოპონენტები ძალოვანი უწყების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გეგმავენ, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. 

მინისტრის პასუხიმგებლობის საკითხს არ განიხიალავენ მმართველ გუნდში. მაშინ, როდესაც რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს, "ქართულ ოცნებას" კომისიის შექმნის იდეა არასერიოზულად მიაჩნია და ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს.

მმართველ გუნდში იზიარებენ იმ არგუმენტებს, რომელიც შს მინისტრს აქვს და თავადაც ამბობენ, რომ 5 ივლისს ჟურნალისტების ცემის მოლოდინი არ ჰქონდათ.

5-6 ივლისის მოვლენებზე გამოძიება გრძელდება. ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე ამ დროისთვის 24 პირია დაკავებული, ყველა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. გამოძიება გრძელდება.

დღის ამბები