16 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
"ისეთივე მოსყიდვაა, როგორც ბანკის ვალების განულება" - ოპოზიცია ჯარიმების ამნისტიას წინასაარჩევნო კამპანიად აფასებს

ოპოზიცია პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის ჯარიმების ამნისტიას წინასაარჩევნო კამპანიად აფასებს. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ეს ქმედება დარღვევის წახალისება იქნება.

"ეს ამბავი, რომ გასულ წელს აჯარიმებდნენ და დღეს აწერენ თავისთავად ცხადია, რომ არჩევნებს უკავშირდება და ისედაც მოსალოდნელი იყო. ჩვენ პოლიტიკურ სპექტრს სულ გვქონდა ეჭვი, ისე წერდნენ ჯარიმებს პოლიციელები, რომ მათაც კი ჰქონდათ რწმენა ეს არ აღსრულდებოდა. 

მოკლედ, რომ ვთქვა, გასაგებია, რომ ეს წინასაარჩევნო ამბავია, მაგრამ მისი უარყოფითად შეფასება არ შეიძლება იმის გამო, რომ ეს წინასაარჩევნოდ გააკეთა. საერთოდ არ უნდა დაეჯარიმებინა მოქალაქეები," - აღნიშნა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის სერგო ჩიხლაძის შეფასებით, კოვიდრეგუაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების დღეს ჩამოწერა ისეთივე წინასაარჩევნო მოსყიდვაა, როგორიც ეს 2018 წელს, საბანკო ვალდებულებების ანულირებით მოხდა. 

"ნებისმიერი შეზღუდვის დარღვევის წახალისება იქნება ეს ქმედება. მეორეს მხრივ წინასაარჩევნო გარემოს ემთხვევა და არის ისეთივე მოსყიდვა, როგორც ბანკის ვალების განულება," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ.

რაც შეეხება მმართველი გუნდს, ხელისუფლების წევრები ინიციატივის მიზეზად პანდემიით გამოწვეულ მძიმე სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებენ.

245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი ადმინისტრაციული ჯარიმისგან გათავისუფლდება. კომიტეტებმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის ჯამში 76 მლნ ლარის ჯარიმა ჩამოიწერება.

დღის ამბები