ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელი კომისიის მუშაობას უარყოფითად აფასებს, თუმცა, მათი არგუმენტები სხვადასხვაგვარია.
პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა საზოგადოებრივ აზრს ვერ შეცვლის.
"პოსტ ფაქტუმ, კრიზისის პერიოდში, საგამოძიებო კომისიის შექმნა, სადაც მხოლოდ თავად იღებენ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ვერ დადებს დასკვნას, რომელიც საზოგადოების აზრზე იმოქმედებს ან რაიმე სანდოობა ექნება. ეს არის ძალიან სამწუხარო,"- აცხადებს სამნიძე.
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ცდილობს საგამოძიებო კომისიით გადაფაროს ის ხარვეზები, რომელიც დარღვევებზე რეაგირების კუთხით გამოვლინდა.
"ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც, როგორც წესი, შექმნილია იმისთვის, რომ ოპოზიციამ, პოლიტიკურმა უმცირესობამ, რომლის ხელშიც არ არის სხვა საგამოძიებო ინსტრუმენტები, შეისწავლოს აღნიშნული საკითხი. თუ უწყებებმა, რომელთაც ევალებათ მანდატით, რომ გამოეძიებინათ ეს ინციდენტები და არაფერი არ გააკეთეს, ახლა ხელისუფლება ცდილობს საგამოძიებო კომისიით გადაფაროს გამოუძიებელი ინციდენტები,"- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი კი აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა ისედაც აღიარეს, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ მათი წარმოდგენები გადაჭარბებული იყო.
"საგამოძიებო კომისია იყო ამაო გარჯა. ისედაც, არჩევნებიდან ძალიან მალე ყველამ ვაღიარეთ, ნუ, ისეთმა ხალხმა, ვისაც საკუთარი შეცდომების აღიარება შეუძლია პოლიტიკაში, რომ არჩევნების გაყალბების მასშტაბი არ იყო ისეთი, როგორიც თავიდან გვეგონა. ოპოზიციამ, განსაკუთრებით იმ ნაწილმა, რომელთაც ყველა საარჩევნო უბანზე ჰყავდათ დამკვირვებელი და წარმომადგენელი, ვერ დავამტკიცეთ არჩევნების გაყალბების მასშტაბი,"- აცხადებს ელისაშვილი.