იზოლაციის, კარანტინის, პირბადის ტარების წესისა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევ პირებს ამნისტია შეეხებათ. 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი ადმინისტრაციული ჯარიმისგან გათავისუფლდება. პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის ჯამში 76 მილიონი ლარის ჯარიმა ჩამოიწერება.
"საქართველოს პრემიერ მინისტრისა და მთავრობის ინიციატივით პარლამენტს წარმოვუდგენთ ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ კანონს და ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონს, რომელიც მიზნად ისახავს 2021 წლის 23 ივნისამდე ყველა ჩადენილ სამართალდარღვევისა თუ სისხლის სამართლებრივი სახის დანაშაულისგან პირის გათავისუფლებას, რომელიც მოიცავს იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევას," - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი.
მმართველი გუნდი ინიციატივის მიზეზად პანდემიით გამოწვეულ მძიმე სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს პანდემიით გამოწვეულ ზიანს.
"ჩვენ გამოვიარეთ ძალიან მძიმე ერთ წელზე მეტი პერიოდი, რაც გრძელდება და მნიშვნელოვანია, რომ ახლა უკვე იმ ეტაპზე გადავიდეთ, როდესაც აღარ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჯარიმები ამოვიღოთ მოქალაქეებისგან. პანდემიამ თავის გავლენა იქონია ამაზე და ეკონომიკურად ისედაც გავლენა აქვს, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს პანდემიით გამოწვეულ გარკვეულ ზიანს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ოპოზიცია კი ჯარიმების ამნისტიას წინასაარჩევნო კამპანიად აფასებს. პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი იმედოვნებს, რომ მსგავსი ჯარიმები მომავალში აღარ იქნება დაწესებული.
“იმედია, მთავრობა არასდროს არ დააწესებს ასეთ არასამართლიან ჯარიმებს. მით უმეტეს ასობით ათასი ადამიანის მიმართ და თუ ოდესმე რაღაც დაჯარიმება მოგვინდება უფრო გონივრულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს და არა ისე, რომ ყველას 10 ათასი და 5 ათასი ჯარიმები გამოვუწეროთ,“ - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ წინასწარ იყო ცნობილი, რომ ჯარიმების ამნისტირება მოხდებოდა.
"ამ ადამიანებს ისედაც ვერ დააკისრებდნენ ამ ჯარიმებს, ამას ვერ აღასრულებდნენ, მეტიც დიდი ხანია სასამართლო პროცესები ამ მიმართულებით არც ინიშნებოდა, იმიტომ რომ წინასწარ ყველამ იცოდა, რომ მოხდებოდა მათი ამნისტირება. მორიგი პოპულიზმი იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ როგორ ვერ იმართება პანდემია,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.