16 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
არ გახადოთ პოლიტიკა პერსონალიზებული, შეამცირეთ პოლარიზება - რა გზავნილებით ჩამოვიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში

"არ გახადოთ პოლიტიკა პერსონალიზებული, შეამცირეთ პოლარიზება," - ეს პირველი გზავნილია რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ქართველ პოლიტიკოსებს გადასცა. რიკ დამსის შეფასებით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო პერიოდშია, რომელსაც ევროსაბჭო ყურადღებით დააკვირდება. მით უმეტეს როდესაც მმართველი გუნდი და ოპოზიციაც ევროსაბჭოს დამკვირვებლების დიდი რაოდენობით გამოგზავნას სთხოვს. პრეზიდენტი დამსი პოლიტიკოსებთან შეხვედრების დროს, შეეხო 5 ივლისის მოვლენებსაც და აღნიშნა, რომ მედია უსაფრთხო გარემოში უნდა მუშაობდეს. ყველა დეტალი არა, თუმცა მაღალი რანგის ევროპელ პოლიტიკოსთან შეხვედრის შინაარსის ნაწილი მედიას გაუმხილა როგორც ოპოზიციამ ასევე ქართულმა ოცნებამ, კერძოდ ის, რომ რიკ დამსმა ოპოზიციურ პარტიებს 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

სტრასბურგში უახლოეს ვიზიტებზე ოპოზიცია ქართული დელეგაციის 10 კაციან შემადგენლობას შეუერთდება - რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან საქართველოს საკითხებზე პარტნიორები ხელისუფლების გარდა ოპოზიციისგანაც მიიღებენ ინფორმაციას. დღეს მიღებულს რაც შეეხება, ოპოზიციური ფლანგის სათქმელი სტუმართან: 5 ივლისის ძალადობასა და მასზე ხელისუფლების რეაგირებას, ცესკოს დაკომპლექტებასა და მართლმსაჯულების რეფორმას ეხებოდა - ეს ყველაფერი მიშელის დოკუმენტის კონტექსტში. ამ მხრივ დამსს ოპოზიციის ნაწილთანაც ჰქონდა მოწოდება.

რიკ დამსი დღეს პრემიერ მინისტრს შეხვდა, სადაც კიდევ ერთხელ მიიღო თხოვნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე PACE-მ რაც შეიძლება მეტი მონიტორი გამოგზავნოს, რათა არჩევნებმა შეკითხვა არ გააჩინოს. მთავრობის მეთაურისგან მან მიიღო ინფორმაცია 5 ივლისის გამოძიებასა და მიშელის დოკუმენტის შესრულების ხელისუფლების ხედვებზეც

დღის ამბები