16 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
"არჩევნები ახლოვდება, იმატებს ცილისწამება" - კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე, რომელიც განსხვავებულ ფორმატში იმართება, განცხადებები გააკეთა 

თბილისის მერის განცხადებით, ეპიდვითარების გამო დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომა განსხვავებულ ფორმატში ტარდება და მას გამგებლები და ჟურნალისტები არ ესწრებიან. კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე აქტუალური თემები მიმოიხილა და კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას ვაქცინაციისკენ.

კახა კალაძემ ასევე ისაუბრა ქალაქის იერსახის დამახინჯებაზე და განაცხადა. რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლება სრულადაა დაცული, მიუღებელია ქალაქის იერსახის დამახინჯება სხვადასხვა წარწერით თუ პლაკატით და ამ კანონდარღვევაზე თბილისის მთავრობას შესაბამისი რეაგირება ექნება.

"არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას განეკუთვნება, ან ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვს. ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევაში გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება რეაგირება, რადგან ეს ქალაქი ყველასია. ამიტომ, ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ყველა კანონდამრღვევი დაჯარიმდება,"- განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში თბილისში გავრცელებულ პლაკატებზე, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მედიამენეჯერები არიან გამოსახული და კატეგორიულად უარყო ამ ფაქტთან რაიმე კავშირი.

"ჩემთვის პირადად, ასევე, სამწუხაროა ისიც, რომ ბოლო ფაქტის გამო, მიზანმიმართულად იყო მცდელობა მერიის უწყების, მისი თანამშრომლების დისკრედიტაციის. ასევე, იყო მცდელობა ამ  პლაკატების  უშუალოდ ჩემს საარჩევნო კამპანიაზე პროექციის. სულ მცირე ლოგიკაა საჭირო - რაში სჭირდება კახა კალაძეს არეულობა და ქაოსი, აგრესია?!  მე  და  ჩემს გუნდს  არ გვჩვევია ამ მეთოდებით ბრძოლა. განსაკუთრებით მაშინ, როცა თბილისის მოსახლეობამ მე და ჩემს გუნდს ნდობა გამოგვიცხადა ქალაქის განვითარებისთვის. ეს არის ყველაზე დიდი კაპიტალი, რაც კი გაგვაჩნია. ეს არის ჩვენი პიარიც  და  ჩვენი  იარაღი  ოპონენტებთან ურთიერთობისას.

 ის სიცრუე და ცილისწამება, რასაც ეს დღეებია ვისმენთ, აზარალებს არა კახა კალაძეს, ან მერიას და მის უწყებებს, არამედ ზოგადად, ჩვენს ქალაქს, თრგუნავს საზოგადოებას, ადამიანებში იწვევს გაღიზიანებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა და მოახლოვებულ არჩევნებთან ერთად, სამწუხაროდ, იმატებს ცილისწამება და შეურაცხყოფა, რაც ძალიან საგანგაშოა. იმატებს აგრესია, ძალადობა. მინდა, ვთხოვო თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს მხარდამჭერებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ქალაქზე, გულშემატკივრობს ქალაქის განვითარებას, წინსვლას, რომ არავითარ შემთხვევაში, ამ აგრესიას და ძალადობას, აგრესიით და ძალადობით არ ვუპასუხოთ. ვაჯობოთ სიძულვილს, გავაგრძელოთ საქმის კეთება სიყვარულით, როგორც ეკადრება ამ ქალაქს, ჩვენს ქვეყანას და როგორც გვჩვევია ჩვენ. რაც შეეხება დეზინფორმაციას, მას ყოველთვის დავუპირისპირებთ სიმართლეს, კონკრეტულ საქმეებს, კონკრეტულ ფაქტებს, ახალ პროექტებს და განვითარების პერსპექტივას. დავუპირისპირებთ პროფესიონალიზმს  და ქალაქის, მოქალაქეებისადმი  პატივისცემას  და  სიყვარულს,"- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები