16 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
შეთანხმების ანულირებამ ვიოლა ფონ კრამონის პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალა - ევროპარლამენტარმა ახალ გეგმებზე "კურიერთან" ისაუბრა

ევროპული პარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი სხვადასხვა პარტიას ხვდება. მისი ვიზიტი თბილისში ჟან მანეს ფორმატში იყო დაგეგმილი, რასაც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ითვალისწინებდა, თუმცა შეთანხმების ანულირების შემდეგ ფონ კრამონის პოლიტიკური დღის წესრიგი შეიცვალა. შეცვლილი გეგმების შესახებ ევროპარლამენტარმა "კურიერთან" ისაუბრა:

"მე მქონდა გეგმები, ვიდრე გუშინ აღმოვაჩენდი, რომ "ქართულმა ოცნებამ" საბოლოოდ გადაწყვიტა მრავალპარტიული შეთანხმებიდან უკან დაეხია. შეთანხმებიდან, რომელიც მრავალპარტიულია და მხოლოდ ერთი პარტია ვერ გადაწყვეტს, რომ იგი დაასრულოს და თქვას, რომ იგი ამოწურულია.

არანაირი მისია არ მაქვს, გარდა ჟან მონეს დიალოგისა, თუმცა ამ ახალ სიტუაციაში, როდესაც მმართველმა პარტიამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება იმაზე, თუ როგორ ხედავს ამ ქვეყნის საპარლამენტო მომავალს, ეს მართლაც ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ყველა ჩვენგანისთვის და სწორედ ამიტომ ვცდილობ ადგილზევე გარკვევას სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორთან, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ.

არაფორმალური შეხვედრები დაიგეგმა, ჩემი ვიზიტიც არაფორმალურია, თუმცა მე ვაპირებდი ყველა საპარლამენტო ჯგუფთან შეხვედრას პარლამენტში, ახლა უკვე შევთავაზე მათ გადაგვენაცვლებინა სასაუბროდ სხვა ადგილას. ზოგიერთმა მათგანმა მიიღო ეს შეთავაზება, ზოგიერთმა კი არა. ვერ დავკონკრეტდები თუმცა გეტყვით, რომ ხვალ საღამოს გავმართავ პრესკონფერენციას, სადაც შეგეძლებათ ყველა შეკითხვა დამისვათ.

ძალიან ნათელია, თუ რას განვიხილავთ, კერძოდ იმას, თუ რა გზას ადგას საქართველო, რა მიმართულებით მიდის. ეს მართლაც რუსეთის გზაა თუ ჯერ კიდევ ევროპული და როგორ გამოიყურება ევროპული გზა თუ შიდა პოლიტიკა ამ მომენტში ასე თავდაყირა დგას. რაც ახლა ხდება, ძალიან იმედის გამაცრუებელი და სამწუხაროა. მართლად ღრმად ვარ შეშფოთებული," - აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.

დღის ამბები