ცესკოს ახალი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ახალი საარჩევნო რეფორმით მაქსიმალურად იზღვევა ყველა ის რისკი, რომელსაც შესაძლოა შეექმნა გარკვეული მანიპულაციის საშუალება.
მისივე თქმით, მისი თავმჯდომარეობის პირობებში, განსაკუთრებით აქტიური იქნება საინფორმაციო კამპანია მოსახლეობისთვის სერვისების თუ სხვა ინფორმაციის მიწოდების კუთხით.
"ძალიან მნიშვნელოვანია, ის საარჩევნო რეფორმა, რაც ბოლო პერიოდში განხორციელდა, რადგან ამ რეფორმის ფარგლებში კანონმდებლობაში განხორციელდა ისეთი ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც აზღვევს იმ რისკებს, რომელიც გასულ წელს ქმნიდა გარკვეული კითხვის ნიშნების წარმოქმნის შესაძლებლობას.
ამ ცვლილებებით, ყველაფერი გადაზღვეულია და მინიმუმადეა დაყვანილი ყველა ის რისკი, რომელიც შეიძლება იძლეოდეს გარკვეული მანიპულაციების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში ამ საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებულ გუნდთან ერთად უზრუნველვყოფთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა დონეზე იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეებისთვის.
ასევე, ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა იქნება უზრუნველვყოთ უწყვეტი საინფორმაციო კამპანია, რათა ამომრჩეველს მივაწოდოთ ინფორმაცია ყველა იმ საქმიანობისა თუ პროცედურების, სერვისების, საარჩევნო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ, რომელიც მათ იმ საკითხების მიმართ ნდობის და რეპუტაციის გარანტიას დაუზღვევს საარჩევნო ადმინისტრაციას,"-აცხადებს კალანდარიშვილი.