16 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
პარლამენტმა "დეოკუპაციის შესახებ" რეზოლუცია მიიღო - რამდენად ქმედითი შეიძლება იყოს დოკუმენტი

"პატრიოტთა ალიანსის" პუტინისთვის გაგზავნილი წერილის პარალელურად, საქართველოს პარლამენტმა "დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ" რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მთავარი სათქმელი ისაა, რომ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი და ასევე, ისმის მოწოდება პარტნიორებისა და მთავრობის მიმართ, რომ ყველანაირი ბერკეტი იქნას ამოქმედებული დეოკუპაციის მიზნის მისაღწევად.

რეზოლუციის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობა იყო და მას მხარი დაუჭირა ოპოზიციის ნაწილმაც.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი თეონა აქუბარდია მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ რეზოლუციაში ცალსახადაა დაგმობილი ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის მიერ გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ანექსირება. აქუბარდიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ შეიმუშავოს არა მხოლოდ დეოკუპაციის, არამედ ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების სტრატეგიაც.

რეზოლუციების მიღებას საკითხების აქტუალიზაციისთვის მნიშვნელოვნად, მაგრამ არასაკმარისად მიიჩნევს დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე სამადაშვილი. მისი თქმით, რეალური პოლიტიკით ქვეყანა წინ ვერ მიდის.  დეპუტატი მიიჩნევს რომ ყველაზე მნიშვნელოვანია დასავლეთის აქტიური ჩართულობა, თუმცა ამ ჩართულობას ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს.

უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, რეზოლუციაში არის მოწოდება, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა შეზღუდვები დაუწესონ იმ ქვეყნებს, რომლებმაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება მოახდინეს. ნიკოლოზ სამხარაძე ხაზს უსვამს იმ საკითხსაც, რომ საქართველოს დეკლარირებული მიზანი არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება.

დღის ამბები