პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს მადლობა გადაუხადა.
მისი შეფასებით, შარლ მიშელის დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პროცესები.
"გუშინ მოვუსმინე ყველას და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო იმ პარტიების პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულება, რომლებიც ამ შეთანხმების საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში, იმუშავეს და დღესაც მუშაობენ, ქმნიან მოდელს, თუ როგორი უნდა იყოს დეპოლარიზებული ქართული პოლიტიკური სპექტრი. ყოველ მათგანს მინდა ამისთვის მადლობა გამოვუცხადო.
მეც ვიზიარებ მათ შეხედულებას, რომ დოკუმენტმა თავისი პირველადი დანიშნულება შეასრულა: პოლიტიკური კრიზისი დაასრულა, სტაბილურობა გამყარდა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან გადაინაცვლა პარლამენტში, მივიღეთ ახალი საარჩევნო კოდექსი (დიდი იმედი მაქვს, რომ ბარიერის დაწევის შეთანხმებაც შესრულდება, რაც ახალი პარტიების გამოჩენის წინაპირობაა). ამ დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის ყოველგვარი რესურსი და ხელის არ მოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია! ამდენად, არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.