საქართველოს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი მიესალმება სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს - მათი შეფასებით პრეზიდენტი "ქართული ოცნებისგან“ დისტანცირდა და ხაზი გაუსვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება ქვეყანას შეასუსტებს.
"საქართველოს პრეზიდენტმა დისტანცირება მოახდინა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებისგან, რომელიც იქნება უმძიმესი შედეგის მომტანი "ქართული ოცნებისთვისაც" და სამწუხაროდ, ძალიან სახიფათოა, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
პრეზიდენტის გამოსვლას აფასებს პარლამენტის ფრაქცია ”შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე.
"პრეზიდენტის განცხადებას მივესალმები. ხაზი გაუსვა, რომ ევროპულ ოჯახში ყოფნა ნიშნავს სიტყვის ერთგულებას და მოლაპარაკების პროცესში საუბრობენ წითელ ხაზებზე და არა მოლაპარაკების და ხელმოწერის შემდეგ არ გარბიან ვალდებულებებისგან. რაც მთავარია, მან ხაზი გაუსვა, რომ მარტო დარჩენა და იზოლაცია ნიშნავს, რომ ქვეყანა შესუსტდება და ამით ისარგებლებს ის, ვინც ჩასაფრებულია რომ დაიმორჩილოს ეს ქვეყანა,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ზურაბიშვილის გამოსვლით უკმაყოფილო დარჩა ოპოზიციის ნაწილი - თვლიან, რომ პრეზიდენტმა ზედმეტად დიპლომატიური ენა გამოიყენა.
"მოვისმინე შეფასება და ჩემი აზრით, იყო რბილი და ზედმეტად დიპლომატიური ენა. ეს არ იყო ის შეფასება, რომელიც იქნებოდა შესაბამისი იმ რეალობის, რა რეალობაშიც ახლა არის ქვეყანა და იმ საქციელით, რა საქციელიც ჩაიდინა "ქართულმა ოცნებამ,“ - აცხადებს პარტიის ”გირჩი - მეტი თავისუფლება” თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე.