რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მზად არიან ურთიერთობების აღსადგენად, თუ ამის მზადყოფნა ქართულ მხარესაც ექნება, გამოხმაურება მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
აგვისტოს ომის წლისთავის მოახლოებისას მსგავსი განცხადების გაკეთებას თავხედურს უწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე
"მთავარი არის ის, რომ 5 ივლისის შემდეგ გააქტიურდა კიდევ ერთხელ რუსეთი და თავხედურია, რომ ზუსტად აგვისტოს ომის წლისთავს ემთხვევა ეს განცხადება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ამ განცხადებაში - მათ თქვეს, რომ ჩვენ საყრდენად მიგვაჩნია ის ხელისუფლება, რომელიც არის ახლა საქართველოში," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ კრემლის პოლიტიკის გაგრძელებას და საქართველოში გააქტიურებას ხელს უწყობენ საქართველოში არსებული პრორუსული ძალები.
"ურთიერთობების აღდგენა მოხდება მას შემდეგ, რაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, და ეს არის იგივე პოლიტიკის კრემლის პოლიტიკის გაგრძელება რასაც აქ ხელს უწყობს ღიად არსებული მეხუთე კოლონის ელემენტები, როგორიც არის პატრიოტთა ალიანსი და სხვები,"- აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ
დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ლავროვის უწყებაში გაკეთებული განცხადება, საგარეო პოლიტიკური ორიენტირების ცვლილებაზე მინიშნებას შეიცავს:
"ვხედავთ, რომ აქტიურდება რუსეთი, რომელიც, შეიძლება ითქვას, ამ გზავნილით პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ გადავხედავთ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს, მაშინ, შესაძლოა, რუსეთმა განიხილოს საკუთარი ურთიერთობების საკითხი საქართველოსთან. რუსეთი დღეს ცდილობს ჩვენი ქვეყნის არჩევანში ჩარევას, ჩვენი სუვერენიტეტის შეზღუდვას," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.