16 ნოემბერი 2024,   20:17
ვრცლად
პირველი, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან - აშშ-ის ელჩი რუსეთის განცხადებას ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რუსეთის განცხადებას ეხმაურება. კელი დეგნანის თქმით იმ შემთხვევაში თუ მოსკოვს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა სურს, ოკუპანტმა ქვეყანამ უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორიები. თანამშრომლობისთვის კი ჟენევის ფორმატის გამოყენება შესთავაზა. აშშ-ის ელჩის თქმით, პროგრესი იმ შემთხვევაში იქნება მიღწეული თუ რუსეთი სწორედ ამ ფორმატში ჩაერთვება.

"ვფიქრობ, ქართველებს ამგვარი გზავნილი რუსეთისგან აქამდეც მოუსმენიათ. პირველი, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. სწორედ ეს იქნება ნამდვილი ნიშანი, რომ რუსეთი სერიოზულად საუბრობს და ის უბრალოდ დეზინფორმაციას არ ავრცელებს. ქართველებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უკან წაიღოს ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, ასევე დაუყოვნებლივ გახსნას წვდომა ჰუმანიტარულ დერეფნებზე. არსებობს დიალოგის მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სახით და თუ რუსეთი მას გამოიყენებს უფრო ეფექტურად და კეთილსინდისიერად, შესაძლებელია მეტი პროგრესიც დავინახოთ ამ კონფლიქტის გადაჭრის საქმეში. სწორედ ეს ნაბიჯებია რუსეთიდან მიღებული გზავნილების ირგვლივ ნებისმიერი საუბრების საწინდარი, კეთილ ნებასა თუ კეთილსინდისირებაზე," - განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრ ბიკანტოვმა ბრიფინგზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ  განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა ურთიერთობების აღსადგენად, თუ ამის მზადყოფნა ქართულ მხარესაც ექნება.

დღის ამბები