ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდა სწორი და დროული ინიციატივაა.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საჯარო მოხელეს შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს.
"ნაკლებკონკურენტუნაირიანი გახდა საჯარო სექტორი კერძო სექტორთან შედარებით. აქედან გამომდინარე აბსოლუტურად სწორი და დროული ინიციატივა არის იმისთვის, რომ გაიზარდოს მოტივაცია ჩვენთან დასაქმებული ადამიანების, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკმაოდ სერიოზულ საკითხებს. მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ხელფასები. კონკრეტიკაზე შემდგომში იქნება მსჯელობა, როდესაც ბიუჯეტი შედგება," - განაცხადა ნათია თურნავამ.
2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება - ამის შესახებ დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, ამიტომ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ვეღარ ხედავენ მოტივაციას. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია მერების ხელფასების გაორმაგება.