16 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
"პრაქტიკულად, თავისი ბუნება საჯაროდ აჩვენა საზოგადოებას " - გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის facebook სტატუსის შესახებ 

მიხეილ სააკაშვილის facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს, როლის შინაარსის მიხედვით, ის საკუთარ პარტიას და მხარდამჭერებს კოვიდ ვითარების წინასაარჩევნოდ გამოყენებისკენ მოუწოდებს, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში.

"ქართულ ოცნებაში“ facebook პოსტის ავთენტურობაში დარწმუნებულები არიან და არ სჯერათ, რომ მისი სოციალური ქსელი გატეხეს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სტატუსით "ნაციონალური მოძრაობის" რეალური სურვილი გამოიკვეთა. 

"ეს არის მათთვის სასურველი ილუზიების შექმნის მცდელობები. ეს არის სინამდვილეში მაროდიორობა ერთგვარი, როდესაც გარკვეული ტრაგედიების მერკანტილური მიზნებით გამოყენება ხდება. მსგავსი ქმედებებით ხასიათდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივობები. დაახლოებით ეს იგივე თემაა, რაც იყო თავის დროზე მაგალითად ორი "ტრუპის“ საკითხი და ა.შ. ბუნებრივია, რომ ეს ისეთი ქმედებებია, რასაც კარგად აღიქვამს საზოგადოება და ეს არის ის, რის გამოც განაჩენს გამოიტანს საბოლოოდ ქართული საზოგადოება,“ - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ facebook-ზე გამოქვეყნებულმა სტატუსმა პარტიის რეალური სახე საჯაროდ აჩვენა.

"პრაქტიკულად, თავისი ბუნება საჯაროდ აჩვენა თავის ამომრჩეველს და ზოგადად, საზოგადოებას. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ბუნებრივია, ასეთი ადამიანის განცხადებები და კომენტარები სერიოზულად არ უნდა მიიღო და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ არჩევნების შემდგომ უკვე "ნაციონალური მოძრაობის" ნაცვლად გამოიკვეთება ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც დაიკავებს მთავარი ოპოზიციის სტატუსს ქართულ პოლიტიკაში,“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

სტატუსი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარ facebook გვერდზე დადო, აღარ იძებნება. დამატებით, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი Facebook -ის გვერდი უსაფრთხოების სამსახურმა გატეხა და სტატუსი მას არ ეკუთვნოდა. პოსტი, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი კორონავირუსით გამოწვეული ტრაგედიის წინასაარჩევნოდ გამოყენებისკენ პარტიას და მხარდამჭერებს მოუწოდებდა, რამდენიმე წუთში წაიშალა.

დღის ამბები