დიდგორის ბრძოლიდან 900 წელი შესრულდა. ცოტა ხნის წინ დასრულდა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული ღონისძიება, სდაც სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხის საერთო, მიზანმიმართული, ყოველდღიური შრომა და ბრძოლა საქართველოს ძლიერების და თანამოქალაქეების კეთილდღეობისა და მშვიდობის წინაპირობაა.
"დღეს, ძვირფასო მეგობრებო, მთელი საქართველო საკუთარი ისტორიის უდიდეს თარიღს - დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავს აღნიშნავს. დიდგორობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის და ძლიერების, ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოა. ამავე დროს ეს არის მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი გასაოცარი სამხედრო-სტრატეგიული წარმატების მაგალითი.
დიდგორზე ქართულმა მხედრობამ შეუძლებელი შეძლო. შემთხვევითი არ არის, რომ ამ გამარჯვებას დავითის ისტორიკოსმა "ძლევაი საკვირველი" უწოდა.
ქართველობამ - ერმა და ბერმა, დიდი დავით აღმაშენებლის მეთაურობით ამ გამარჯვებას ერთიანობით, სიმტკიცით, სიბრძნით და რა თქმა უნდა, სამშობლოსთვის თავგანწირვით მიაღწია.
დიდგორზე ბრწყინვალე გამარჯვების გარეშე არ იქნებოდა საქართველოს ოქროს ხანა - დავითისა და თამარის, რუსთველისა და ოპიზრების ეპოქა, იყალთოსა და გელათის აკადემიები, ქართული ეკონომიკისა და განათლების აღმავლობა - ყველაფერი ის, რითაც ჩვენ დღესაც არა მხოლოდ სამართლიანად ვამაყობთ, არამედ სამომავლოდაც ორიენტირებად ვისახავთ.
მე აქვე მინდა გავიხსენო ჩვენი პატრიარქის, უწმინდესის სიტყვები - დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია! დღეს, დიდგორის ბრძოლის ცოცხალი მაგალითი გვასწავლის ჩვენ ყველას, რომ ერთიანობა ყველაზე დიდი ძალაა. ამ მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხის საერთო, მიზანმიმართული, ყოველდღიური შრომა და ბრძოლა საქართველოს ძლიერების, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის კეთილდღეობისა და მშვიდობის წინაპირობაა.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ხალხს ამ დღეს, გამთლიანებას, გაძლიერებასა და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.