17 მაისი 2024,   15:47
ვრცლად
ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ქვეყნიდან დიდი მანძილით დაშორებული ადგილიდან მსგავსი რაოდენობის ხალხის გამოყვანა შეუძლია, აშშ-ა - ჯო ბაიდენი ავღანეთზე

ავღანეთში კვლავ არეულობაა. ქაბულის აეროპორტთან ქვეყნის დატოვების ათასობით მსურველია. ავღანეთში არსებული ვითარება იყო ის მთავარი საკითხი, რაზეც NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს და ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ავღანეთის მომავალმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყანა აღარასოდეს იქცეს ტერორისტების თავშესაფრად. პენტაგონში კი აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში ქაბულიდან 6 000-მდე მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა.

შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ამერიკა ყველაფერს გააკეთებს - ქვეყნის დატოვების ყველა მსურველს დაეხმაროს.

"ქაბულის აეროპორტში მიმდინარე ევაკუაცია ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და რთულია და ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ქვეყნიდან დიდი მანძილით დაშორებული ადგილიდან მსგავსი რაოდენობის ხალხის გამოყვანა შეუძლია, ამერიკის შეერთებული შტატებია. აშშ ვალდებულებას იღებს, რომ ავღანეთიდან გამოიყვანს ყველას, მათ შორის ავღანელ ქალებს და ჟურნალისტებს. ივლისიდან დღემდე აშშ-მა ავღანეთიდან 18 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა," - აცხადებს ჯო ბაიდენი.

NATO-ს წევრი ქვეყნები არ დაუშვებენ რომელიმე ტერორისტის მხრიდან საფრთხეს. ერთობლივ განცხადებაში NATO "თალიბანს" მოუწოდებს ხელი შეუწყონ ავღანეთის დატოვების მსურველთა უსაფრთხო და ორგანიზებულ გამგზავრებას.

"ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების უმთავრესი მიზანი ავღანეთში მყოფი პარტნიორი სახელმწიფოების და რისკის ქვეშ მყოფი ავღანეთის მოქალაქეების უსაფრთხო ევაკუაციაა.ჩვენ მოვუწოდებთ ავღანეთის ყველა მხარეს კეთილსინდისიერად იმუშაონ ინკლუზიური და წარმომადგენლობითი მთავრობის შესაქმნელად. ნებისმიერმა მომავალმა მთავრობამ უნდა შეასრულოს ავღანეთის საერთაშორისო ვალდებულებები. უზრუნველყოს, რომ ავღანეთი აღარასოდეს იქცეს ტერორისტების თავშესაფრად. ჩვენ არ დავუშვებთ რომ რომელიმე ტერორისტი დაგვემუქროს," - აცხადებენ NATO-ში.

ავღანეთის ტერიტორია უკვე 18 ათასმა ადამიანმა დატოვა. იზრდება ლტოლვილთა რიცხვი. ვინ შეიფარებს სამშობლოდან გაქცეულ მოსახლოებას უცნობია.

მაგალითისთვის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ის მიგრანტებს არ მიიღებს და რომ თურქეთი ლტოლვილთა საცავი არ გახდება.

დღის ამბები