უკრაინისთვის უპრეცედენტო მასშტაბის სამიტი, რომლის მიზანიც მსოფლიო დღის წესრიგში უკრაინის საკითხის გააქტიურებაა, შეხვედრა, სადაც "ყირიმის პლატფორმა" ოფიციალურად დაფუძნდება, კიევში რამდენიმე საათში იხსნება.
შეხვედრაში 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები და ოფიციალური წარმომადგენლები, მათ შორის - ევროკავშირი, ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები - მონაწილეობენ. წინასწარი ინფორმაციით, სამიტში მონაწილეობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
დელეგატთა შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. სწორედ "ყირიმის პლატფორმის" სამიტი იქნება ბოლო ოფიციალური ღონისძიება, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში სამდღიანი ვიზიტის დროს დაესწრება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერსა და უმაღლესი რადის თავმჯდომარეს. საუბრისას ყურადღება გამახვილდა ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობასა და საერთო ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე.
"გაიმართა უმაღლესი დონის 3 შეხვედრა ქვეყნის პირველ პირებთან - ქვეყნის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან. დღეს იმართება ყირიმის პლატფორმის საინაუგურაციო სამიტი, რომელსაც ესწრება 40-ზე მეტი ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერი და, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მას ექნება გამოსვლა და უერთდება ამ დიდ ფორუმს, რომელზედაც ცალსახად გაესმევა ხაზი, რომ ყირიმი ოკუპირებულია,"- განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძემ.