პრემიერის პირველ ოფიციალურ ვიზიტს უკრაინაში დეპუტატები აფასებენ. საკანონმდებლო ორგანოს წევრები ხაზს უსვამენ საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას და ყველა იმ ფუნდამენტურ საკითხს, რაც ორ ქვეყანას აქვს საერთო - ეს არის კრემლის ანექსიური პოლიტიკა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სწრაფვა.
პარტია "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ უკრაინაში პრემიერის ვიზიტს, ჯერჯერობით, არავითარი კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.
"მე არ ვიცი "ქართულ ოცნებას" რა დამოკიდებულება აქვს უკრაინის ხელისუფლებასთან. ამ ჩასვლა-ჩამოსვლით ვერაფერ კონკრეტულ შედეგს ვერ ვხედავ,"- აღნიშნა ხვიჩიამ.
მსგავსი ტიპის ფორუმები და მაღალი რანგის შეხვედრები, მმართველი გუნდის შეფასებით, საქართველოს პოზიტიურ შედეგს მოუტანს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საქართველოს და უკრაინას ბევრი საერთო პრობლემა აქვს და ერთობლივი ძალისხმევის მიმართვა აუცილებელია.