"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ კვლევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი კვლევების შედეგები ყოველთვის იმას აჩვენებს, რაც დამკვეთს აწყობს.
მისივე თქმით, ხშირად ხდება ისე, რომ კვლევები სხვა მონაცემებს აჩვენებს, ხოლო არჩევნებზე სხვა იდება.
"1 თვეა დარჩენილი არჩევნებამდე და ყველანი, ჯობია, არჩევნებს დაველოდოთ, ვიდრე "ქართული ოცნების", "ნაციონალური მოძრაობის" და სხვათა კვლევებს, ან მაგათი კვლევებით ვიხელმძღვანელოთ, რადგან ვიცით, რომ ყველა შემკვეთი კვლევას ისე უკვეთავს, რომ საბოლოო ჯამში, მას აწყობდეს შედეგი, ეს ტრადიცია საქართველოში არ ირღვევა, სამწუხაროდ.
შესაბამისად, კარგია თუ ცოტაა, ბევრია თუ ნაკლებია, გავზომავთ არჩევნებზე და ეს ვნებათაღელვა დამთავრდება, იქამდე სულ იქნება, რადგან ვიცით, რომ ტარდება ასეთი ტიპის კვლევები და შემდეგ არჩევნები სხვა შედეგებს აჩვენებს,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, "ოცნების" კანდიდატს 50,3%-ის მხარდაჭერა აქვს, ხოლო" ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს - 37,8%.