ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინას ევროკავშირის მხარდაჭერა.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი აგრძელებს არაღიარების პოლიტიკის გატარებას და მტკიცედ დგას საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი დარღვევის წინააღმდეგ.
"ყირიმი უკრაინაა და მე მოხარული ვარ, ვიყო აქ, თქვენთან, ყირიმის პლატფორმის პირველ სამიტზე უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავის წინა დღეს. დამოუკიდებლობა ნიშნავს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მე აქ ვარ, რათა დავადასტურო ევროკავშირის ურყევი პოზიცია – ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის მიერ უკანონო ანექსიას.
ჩვენ გავაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკის გატარებას და მტკიცედ დავდგებით საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი დარღვევის წინააღმდეგ. უკანონო ანექსია, ყირიმში და მის გარშემო შექმნილი სიტუაცია უნდა იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში მოწინავე ადგილას. სწორედ ამიტომ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმას აქვს ჩვენი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა. უკანონო ანექსია ეწინააღმდეგება ღირებულებებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომლის შენარჩუნებითაც ჩვენ ყველა ვართ დაინტერესებული.
სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რაც შეიძლება ფართო საერთაშორისო მხარდაჭერისთვის, ყირიმის ანექსიაზე რეაგირებისთვის არაღიარების პოლიტიკისა და საერთაშორისო ადვოკატირების საშუალებით. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას სტაბილური და აყვავებული მომავლისკენ გზაზე. გვსურს, დავადასტუროთ, რომ უკრაინა არასდროს იქნება მარტო და რომ ყირიმი უკრაინაა,"-განაცხადა შარლ მიშელმა.