16 ნოემბერი 2024,   20:17
ვრცლად
საქართველო ევროკავშირის მაკროფინანსურ ტრანშზე სავარაუდოდ უარს იტყვის

ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილზე საქართველო სავარაუდოდ უარს იტყვის. ამის მიზეზად დღეს პრემიერ-მინისტრმა პანდემიის მიუხედავად დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ახალი ევროპული ტრანშის მიღება ხელისუფლების მიერ დაანონსებულ საგარეო ვალის შემცირების გეგმასთან წინააღმდეგობაში მოდის.

ახალ საგარეო ვალზე უარის თქმა, ევროკავშირისთვის სანქციების თხოვნით მიმართვის საფუძველი გახდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისთვის. მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ამის შესახებ განცხადებაც გაავრცელა.

პრემიერმა ოპონენტები საგარეო ვალის თემით სპეკულირებაში დაადანაშაულა და ქვეყნის სანქცირების მოთხოვნას მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედება უწოდა.

ხელისუფლების არგუმენტები არადამაჯერებლად ჟღერს ოპოზიციისთვის. პოლიტიკოსების აზრით, მთავრობა მაკროფინანსურ ტრანშზე უარს წინასწარ იმიტომ ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან გარკვეულ სანქციებს ელოდება. მათი თქმით, ამის მიზეზი, შესაძლოა, მმართველი ძალის 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა გახდეს.

ოპოზიციის არგუმენტებს არარელევანტური უწოდეს საპარლამენტო უმრავლესობაში. მმართველი გუნდის ლიდერებმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ 75 მილიონი ევროს ღირებულების ტრანში არც გრანტია და არც დახმარება. დეპუტატების თქმით, სახელმწიფო ვალის აღებას, საჭიროებების მიხედვით უნდა განსაზღვრავდეს. 

დღის ამბები