გიორგი გახარიას პარტიას წევრები ტოვებენ. ახმეტის, ბორჯომის, ადიგენის, ახალქალაქისა და ახალციხის საკრებულოების წევრობის კანდიდატებმა საოლქო საარჩევნო კომისიას კანდიდატურების მოხსნის შესახებ უკვე მიმართეს. გახარიას პარტიის ყოფილი წევრების ნაწილი ამბობს, რომ მათი განაწყენება ექსპრემიერის კახი კალაძის წინააღმდეგ კანდიდატურის დაყენებამ გამოიწვია. ნაწილი კი განმარტავს, რომ პოლიტიკურმა სტრატეგიამ მათი იმედები ვერ გაამართლა.
ცეზარ მოსახლიშვილი და მარიამ ბერიკაშვილი ახმეტაში გიორგი გახარიას პარტიის კვოტით საკრებულოს წევრობისთვის იბრძოდნენ, თუმცა დღეს ამბობენ, რომ გახარიას პოლიტიკურმა სტრატეგიამ მათი იმედები ვერ გაამართლა.
არჩევნებამდე 1 თვით ადრე გახარიასთან ერთად პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება აღარ ისურვეს პარტია "საქართველოსთვის" სამცხე-ჯავახეთის რეგიონის წარმომადგენლებმაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომში გახარიასგან გამიჯნული პოლიტიკოსი მარიამ გელაშვილი ყოფილი პრემიერის ნათესავიცაა. საოლქო კომისიებს უკვე მიმართეს ადიგენსა და ახალქალაქში, "საქართველოსთვის" სიის მეორე, მეოთხე და მეხუთე ნომრებმაც. პოლიტიკოსების განმარტებით, პარტიამ თავდაპირველად გაცხადებულ მიზანს გადაუხვია და ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან თანამშრომლობა დაიწყო.
გახარიას პარტიიდან წასვლა საზოგადოებას სოციალური ქსელით შეატყობინა ყაზბეგის საარჩევნო შტაბის წევრმა ლელა გუჯარაიძემ. გუჯარაიძე წერს, რომ გიორგი გახარია თბილისის მერის თანამდებობაზე კანდიდატურის დასახელებით, მისთვის მიუღებელი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ პარტნიორი ოფიციალურად გახდა.
კიდევ ერთი რეგიონი, სადაც ყოფილი პრემიერის პარტიიდან აქტივის გადინების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ქვემო ქართლია. მარნეულში ამ დროისთვის "საქართველოსთვის" ოფისი ცარიელია. ადგილზე, პარტიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოფისში თანამშრომლების არყოფნას დატვირთული საარჩევნო შეხვედრებით ხსნის.
ორი დღის განმავლობაში გიორგი გახარიას გუნდი რეგიონებში ათეულობით ადამიანმა დატოვა. რატომ დაიწყო ექსპრემიერის გუნდიდან რეგიონებში კადრების გადინება, ამ კითხვაზე დღეს მცდელობის მიუხედავად პასუხი თავად გახარიას პარტიისგან ვერ მივიღეთ.