ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საერთაშორისო დამკვირვებლების პირველად შეფასებას სრულად არ იზიარებს.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ საარჩევნო პროცესმა თვალსაჩინო დარღვევების ფონზე ჩაიარა, რამაც საბოლოო შედეგებზე გავლენა იქონია. ეუთო ოდირის, ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიებმა მუნიციპალურ არჩევნებს დღეს კონკურენტული უწოდეს და მცირე დარღვევების მიუხედავად, მის მაღალ ლეგიტიმაციაზე ისაუბრეს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციურ ძალაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის ალბათობას არ გამორიცხავენ.
საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნას ეთანხმებიან "ლელოში". პოლიტიკურ ძალაში არც იმას უარყოფენ, რომ მმართველი გუნდის მხრიდან 43 პროცენტიანი ნიშნულის გადალახვის შემდეგ ვადამდელი არჩევნების სამართლებრივი სარჩული აღარ არსებობს, თუმცა პარტიაში ეს მაინც გარდაუვალ მოვლენად მიაჩნიათ.
ევროპელი პარტნიორების შეფასებებში პოზიტიურზე მეტ ნეგატიურ კონტექსტს ხედავენ "სტრატეგია აღმაშენებელში". პარტიის ლიდერების თქმით, პარტნიორებმა არჩევნების პროცესში არსებულ სისტემურ ხარვეზებზე მკვეთრი აქცენტი გაააკეთეს.
განსხვავებულია მმართველი გუნდის შეფასებები. "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ სადამკვირვებლო მისიების პირველადმა შეფასებამ არჩევნების ტრანსფარენტულობა და დემოკრატიულობა დაადასტურა. ოცნებაში ვადამდელ არჩევნებზე ოპოზიციის საუბარს სპეკულაციას უწოდებენ.
დღის ბოლოს ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრმაც. აუდიენციის დასრულების შემდეგ დავით ზალკალიანმა განმარტა, რომ მატეო მეკაჩი მუნიციპალურ არჩევნებს კონკურენტუნარიანად მიიჩნევს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით მმართველმა გუნდმა გამარჯვება 46.68 პროცენტით მოიპოვა.