საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილი დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე პრემიერის წერილს თავის გამართლებად აფასებს.
"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია კი ფიქრობს, რომ რეალურად "ქართული ოცნება" და მიხეილ სააკაშვილი შეთანხმდნენ და საბოლოოდ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება მოხდება.
"ქართული ოცნება" და მიხეილ სააკაშვილი შეთანხმებულები არიან და ღარიბაშვილის ეს წერილი არის ერთგვარი შემზადება იმისი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გიჟი და გიჟს ხომ არ ჩავსვამთ ციხეში. ოღონდ ეს პირველი ნაბიჯებია, უცებ ხომ ვერ იტყვიან ამას. ჯერ დაიწყეს ფსიქოლოგიურად ხალხის შემზადება, რომ ცოდოა ასეთი ადამიანი ციხეში და ა.შ.
საბოლოო ჯამში, ეს მივა ან ექსტრადაციამდე, ან დარეპორტეპამდე და ჩვენ კრება დაგვრჩება მხიარული არჩევნების შედეგად," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარტიის "ხალხისთვის" თავმჯდომარე ანა დოლიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი განცხადებებით ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლო უფლების განხორციელებას, ეს კი ხელს აძლევს სააკაშვილს, რომ მოგვიანებით სტრასბურგმა მის მიმართ სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანოს.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, გიორგი ვოლსკის თქმით, პრემიერმა შეაჯამა ის პროცესები, რაც სააკაშვილის მხრიდან დაიწყო.
"კონსპირაცია არსებობდა ამ რევოლუციური პროცესის დაგვირგვინებით. ხოლო მისი ეს საქციელი იყო განპირობებული იმით, რომ წარმოდგენა მას, როგორც რევოლუციის ლიდერზე, თავის თავთან დაკავშირებით გაცილებით უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე რეალურად საზოგადოებაში ამის განცდა არსებობს," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
"სააკაშვილი საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა" - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერის შეფასებით, საკანში მყოფი მესამე პრეზიდენტის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. ღარიბაშვილი წერს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" შფოთავენ, რადგან მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს.