ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის მიერ საქართველოში ჩატარებული არჩევნებისა და მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტზე გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური შეფასებების მიზეზი გახდა.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ნონა მამულაშვილი მარინა კალიურანდის განცხადებას არ იზიარებს და ამბობს, რომ მას პოლიტიკური გამართლება არ აქვს.
"ძალიან სამწუხაროა, როდესაც ამისთანა მასშტაბის პოლიტიკური ლიდერი არის ოლიგარქიის პოლიტიკური ტყვე, არის ავტორიტარული რეჟიმის პოლიტიკური ტყვე და ამ დროს, ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც, ვერანაირი გამართლება ვერ ექნება იმ კომენტარს, რაც ამ ქალბატონმა გააკეთა, იმიტომ რომ ამ ეტაპისთვის ყველა ვიბრძვით ქვეყნის გადასარჩენად. მიხეილ სააკაშვილმა. ფაქტობრივად, თავი შესწირა იმას, რომ ძალიან კარგად და გააზრებულად გააკეთა ეს ყველაფერი,“ - აცხადებს ნონა მამულაშვილი.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მარინა კალიურანდი განცხადებას მხოლოდ ზედაპირული ინფორმაციის საფუძველზე აკეთებს, რაც არ არის საკმარისი.
"მარტო ზედაპირული ინფორმაცია არ კმარა საქართველოში ამ ტიპის შეფასებებისთვის. უნდა ვიცოდეთ ჩვენ ამ ქვეყნის ისტორია, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები... შეიძლება, არ იყოს დღეს კრიტიკული მასა ხელისუფლების წინააღმდეგ. მე არ ვგულისხმობ სააკაშვილს, ზოგადად, არ იყოს გამოსული, მაგრამ ის უსამართლოებები წვეთ-წვეთ იკრიბება,“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის უდიდესი ნაწილი მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.
"ძალიანაც კარგი, რომ რაღაც დაძაბულობაში არ გარდაიქმნა ეს მთელი სიტუაცია,“ - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
შეგახსნებთ, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტმა ასობით ათას ადამიანს მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ, თუმცა ხალხმა ეს არ გააკეთა. ევროპარლამენტარის განცხადებები, დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა.