ევროპარლამენტის დელეგაციის წევრის, მარინა კალიურანდის შეფასებას მმართველ პარტიაში იზიარებენ. "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ ევროპარლამენტარები იმ პროცესებს, რაც საქართველოში ხდება, ნათლად აღიქვამენ.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" "მილევად" რეჟიმშია.
"ევროპარლამენტარები, მათ შორის ქალბატონი მარინა, მიხვდა და სავარაუდოდ, სხვებიც მიხვდებიან, რომ ეს არის მილევად რეჟიმში გადასული პარტია და ლიდერის ბოლო გაფართხალება. მცდელობა აქვთ ისევ ქაოსის, დესტაბილიზაციის და ა.შ.
რეალურად, ვნახეთ, რომ არ იცვლება, მიშა აქ იქნება თუ გარეთ იქნება, მაინც არის ეს 25-27%-ის ფარგლებში. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეს პარტია არის მილევად რეჟიმში," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, მარინა კალიურანდის განცხადება ცხადყოფს, რომ ევროპარლამენტარება დაინახეს, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილს საზოგადოების უმრავლესობა მხარს არ უჭერს.
"როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მისი პერსონა აღარ აინტერესებს არც ევროპას და აღარც ამერიკას, ერთ-ერთი გახლავთ მაგალითად, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში საზოგადოების უმრავლესობა მას მხარს არ უჭერს და ეს დაინახეს ევროპარლამენტარებმა და სწორედ, ეს განცხადება არის გამოხმაურება ამ საკითხისა. რაც შეეხება დანარჩენ პროცესებს, ყველა კარგად ხვდება, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის როგორც პოლიტიკოსის აქტივობა, დასრულებულია,“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.