16 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
არჩევნების მეორე ტურისთვის კამპანია აქტიურ ფაზაში გადადის - რა გეგმები აქვთ მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებს

"ნაციონალურ მოძრაობაში" ცესკოს მიერ დადგენილი საბოლოო მონაცემების არ სჯერათ, მაგრამ მეორე ტურებისთვის მაინც აქტიურად ემზადებიან. პარტიაში სამომავლო წარმატების წინაპირობად ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის დასახელება მიაჩნიათ, რომელის წევრებიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. "ნაცმოძრაობაში" დარწმუნებულები არიან, რომ სხვა ოპოზიციური ძალების მხარდაჭერის შემთხვევაში, უმრავლეს ოლქში გამარჯვება სწორედ მათ დარჩებათ.

განსხვავებულია კახა კალაძის პოზიცია. დედაქალაქის მოქმედი მერი და მმართველი გუნდის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ ოპონენტ ძალასთან სოლიდური უპირატესობით გაიმარჯვებს. კახა კალაძეს ამის დასამტკიცებლად პირველი ტურის შედეგიც მოჰყავს და ამბობს, რომ კოალიციის სიმულირება საბოლოო შედეგს ვერ შეცვლის.

"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების მხარდაჭერას და სამომავლოდ მათთან კოალიციებში თანამშრომლობას გეგმავს "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ლელო". მეორე ტურებს მიღმა დარჩენილი პოლიტიკური ძალები ამტკიცებენ, რომ ყოფილი სამთავრობო გუნდის წევრების გამარჯვება რეგიონალურ დონეზე ძალთა ბალანსს აღადგენს.

"ნაცმოძრაობასთან" ძალაუფლების სამართლიანი განაწილების არ სჯერათ "გირჩში". პოლიტიკური ცენტრის ლიდერების თქმით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებში მხარს არავის დაუჭერენ. "გირჩში" ფიქრობენ, რომ სამომავლოდ პატარა პარტიების გადარჩენა მხოლოდ "ოცნებასთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან" დისტანცირებით იქნება შესაძლებელი.

ოპონენტების მოლოდინებს არარეალისტურად მიიჩნევს მმართველი გუნდი. "ქართული ოცნება" დარჩენილ ოცივე ოლქში გამარჯვებისთვის ემზადება. პარტიის ლიდერების თქმით, ელექტორატმა პროგრესსა და ძალადობას შორის მარტივი არჩევანი უნდა გააკეთოს.

მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურები, ქვეყნის მასშტაბით 20 თვთმმართველ ერთეულსა და 24 მაჟორიტარულ ოლქში, 30 ოქტომბერს ჩატარდება.

დღის ამბები